ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პროკურატურას პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც მან for.ge -ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბეჟუაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას მოქალაქე დავით მხეიძე ითხოვს, რომელიც განცხადებაში მიუთითებს, თუ როგორ წაართვეს დავით ბეჟუაშვილმა და მისმა სიმამრმა კასპში არსებული ცემენტის ქარხანა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმე საკმაოდ სკანდალურია, რადგან დღეს ცემენტის ბიზნესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის ხელშია.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, არსებობს კონკრეტული მოწმე, რომელსაც შეუძლია ბეჟუაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გაშიფვრა. მისივე თქმით, იმისათვის რათა მოწმეს საფრთხე არ შეექმნას, პროკურატურას გამოძიების დასრულებამდე მისი დაცვის ღონისძიების განხორციელებას სთხოვს.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი მოწმე, რომელიც გაშიფრავს სქემებს, თუ როდის დაიწყო ბეჟუაშვილმა თავისი ბიზნესის "შექმნა" ანუ დატერორება და ბიზნესების წართმევა ცემენტის მწარმოებლებისთვის, რა გზები იქნა შემუშავებული, რა მეთოდებით იქნა წართმეული, როგორ ხდებოდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ძალით გაკოტრება, სად არის გახსნილი ოფშორული კომპანიები გახსნილი დავით ბეჟუაშვილის მიერ. ჩვენ პროკურატურას ვთხოვთ, ამ მოწმის მიმართ განხორციელდეს დაცვის ღონისძიება, ვინაიდან ბეჟუაშვილის მხრიდან არ არის გამორიცხული განხორციელდეს ამ პირის ლიკვიდაცია" - განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ მოწმის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მის სახელსა და გვარს მხოლოდ პროკურატურას აცნობებს.
ამასთან , ხაჭაპურიძე განცხადების წარმდგენის დავით მხეიძის უსაფრთხოების დაცვასაც მოითხოვს.
"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბეჟუაშვილს ბრალი ედებოდა ადამიანის მკვლელობაში, აქედან გამომდინარე, პროკურატურას ვთხოვთ განცხადების წარმდგენი პირისა და მოწმის დაცვის ღონისძიება განახორციელოს, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ხოლო მკვლელობის შესახებ მედიას ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით" - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, ასევე აუცილებლად უნდა დაიკითხოს თავად დავით მხეიძეც და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.