სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილეები ოფიციალურად წარადგინა. მისი მოადგილეები ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე იქნებიან.
ზურაბ აზმაიფარაშვილი ცნობილი მოჭადრაკეა. ის 2003 წელს ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი „ფიდეს“ ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი იყო.
ამჟამად, აზმაიფარაშვილი სინგაპურში „ფიდეს“ საჭადრაკო აკადემიის საწვრთნელო პროგრამების დირექტორია.
შემდეგი მოადგილე თამაზ თევზაძე ტექნიკურ-მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტია.
იყო სპორტსმენი, მუშაობდა სპორტის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე ოლიმპიური სახეობის - ხელბურთის გენერალური მდივნის, პრეზიდენტის თანამდებობაზე. არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი.
ამჟამად, თევზაძე ევროპის საბჭოში ორი კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის და სხვა საერთაშორისო სპორტული კომისიების წევრია. ის ავტორია სპორტის განვითარების კონცეფციების.
მინისტრის მესამე მოადგილე რატი ბრეგაძე კი, პროფესიით იურისტია. მან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, 2008 წლიდან კი, ბერლინის ქართული საზოგადოების წევრი.