შალვა ხაჭაპურიძე  წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, ახალაიების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

შალვა ხაჭაპურიძე წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, ახალაიების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ამის შესახებ მან დღეს for.ge -ს პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დღეიდან იწყება საჩივრების წარდგენა და ყოველ მეორე დღეს მედიას კონკრეტულ სისხლის სამართლის ფაქტებთან და დანაშაულებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება.

პირველ საჩივრად ხაჭაპურიძემ 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე წარადგინა და განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

მისი თქმით, ის იმ პერიოდში პარტიას "კანონი და სამართლიანობა" ხელმძღვანელობდა და 26 მაისის ღამეს მეუღლესთან და პარტიის წევრებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.

"განცხადებაში აღწერილია კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ მოგვაქციეს ალყაში და გვცემეს რკინის ხელკეტებით და როცა მკვდრები ვეგონეთ, ქუჩაში დაგვყარეს" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, ხაჭაპურიძის განცხადებაში 2011 წლის 21 მაისის მოვლენებიცაა აღწერილი.

როგორც მან აღნიშნა, იმ დღეს 20 -მდე ადვოკატმა სასამართლოებში ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებების დამკვიდრების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს.

"ეს აქცია დარბეული იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის უფროსის გრიგალაშვილის მიერ. წაგვართვეს ლეიბები და მთელი 5 დღის განმავლობაში ჩვენს მიმართ აწარმოებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს"- განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ შესაბამისად 21 და 26 მაისის ფაქტებთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს თხოვნით, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ.

ადვოკატმა სისხლის სამართლის დანაშაულის ის მუხლები ჩამოთვალა, რომლებიც კონკრეტულ პირებს უნდა წაეყენოს:

სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, 117 -ე მუხლი- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 127 -ე მუხლი - სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება, 142 -მუხლი - ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა, 141 -ე პრიმა მუხლი - წამება, 144 -ე მესამე პრიმა მუხლი - დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, 147 -ე მუხლი - განზრახ უკანონოდ დაკავება ან დაპატიმრება, 151 -ე მუხლი - მუქარა, 153 -ე მუხლი - სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, 154 -ე მუხლი - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, 156 -ე მუხლი - დევნა, 159 -ე მუხლი - ტელეფონით საუბრის საიდუმლოს დარღვევა.

ადვოკატის განმარტებით, ამ კონკრეტული ფაქტთან დაკავშირებით საჩივარში აღწერილიაყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ნიკა გოგუაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც მისის დაკავების შემდეგ ტელევიზიებით გავრცელდა.

ასევე, 161 -ე მუხლი - შეკრების ან მანიფესტაციის ხელყოფის უფლება, 225 -ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, 252 -ე მუხლი - უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ან/ და მასში მონაწილეობა.

"ეს ეხება იმ "ზონდერ-ბრიგადებს", რომელსაც ხელმძღვანელობდა ბასიშვილი, რომლებიც იმ საღამოს ხალხს სცემდნენ და აწამებდნენ და დასახლებული არიან თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში" - განმარტა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტულ პირებს ბრალი 258 - მუხლითაც უნდა წაეყენოსამ რაც მიცვალებულებისადმი უპატივცემულობას გულისხმობს.

"საუბარია იმ შემთხვევაზე, როდესაც 2 ადამიანი მოკლეს, მერე წაიყვანეს, გადაათრიეს და მაღაზიის სახურავზე შემოყარეს" - განაცხადა ადვოკატმა.

განცხადებაში საუბარია შემდეგ მუხლებზეც: 332 -ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, 333 -ე მუხლი- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 341 -ე მუხლი - სამსახურებრივი სიყალბე, 348 -ე პრიმა მუხლი - ყალბი დასკვნის მიცემა, რაც ადვოკატის განმარტებით, იმ ექსპერტს ეხება, რომელმაც განაცხადა, რომ მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი გარდაცვლილი პირები ელექტროენერგიით გარდაიცვალნენ.

ასევე, 368 -ე მუხლი - მტკიცებულების განადგურება, 369 -ე პრიმა მუხლი - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, 370 -ე მუხლი - ყალბი დასკვნა, 371 -ე მუხლი - ზემოქმედება მოწმეებსა და დაზარალებულებზე, 375 -ე მუხლი- დანაშაულის დაფარვა, 408 -ე მუხლი - დანაშაული ადამიანურების წინააღმდეგ.

"ვითხოვთ ამ მუხლებით ჩადენილი დანაშულებებისთვის- აქციების დარბევის ბრძანების გაცემისათვის პასუხისგებაში მიეცეს ბრძანების გამცემი პირი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი თანამონაწილეები - მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი მთავარი პროკურორი ზოდელავა, ძმები ახალაიები, საპატრულო პოლიციის უფროსი გრიგალაშვილი, დარბევაში მონაწილე ყველა პოლიციის თანამშრომელი, პარლამენტარი ბადრი ბასიშვილი და მისი ზონდერ-ბრიგადის წევრები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და სხვა პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების დროს" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, განცხადებას თან ერთვის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც 26 მაისის დარბევის შემდეგ მისი პარტიის წევრებმა ჩაიტარეს.