შალვა ხაჭაპურიძე როლანდ ახალაიას, დათა ახალაიასა და

შალვა ხაჭაპურიძე როლანდ ახალაიას, დათა ახალაიასა და "მასტერას" წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას ფოთის ყოფილი მერის დავით ქანთარიას საქმის განხილვას , მის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და პარლამენტარ როლანდ ახალაიას, მისი შვილის დათა ახალაიას, ასევე ე. წ. მასტერასა და სხვა ამ საქმეში მონაწილე უკანონობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას თხოვს.

აღნიშნულის შესახებ, ხაჭაპურიძემ დღეს from.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ხაჭაპურიძის განცხადებით, კონკრეტულად, საქმე ეხება ფოთის ყოფილი მერის დავით ქანთარიას, ორჯერ უკანონოდ დაპატიმრებას, მის მიმართ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და პოლიტიკური ნიშნით დევნას.

"ბატონი დავით ქანთარია ფოთის მერი გახლდათ, მანამდე ის 9 წლის განმავლობაში საკრებულოს გამგებელი იყო, როდესაც მოხდა ე. წ. "ვარდების რევოლუცია" მან იმავე ღამეს პროტესტის ნიშნად დატოვა ფოთის მერის თანამდებობა და იმ დღიდანვე როლანდ ახალაიას მიერ, მის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო, რადგან ქანთარია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო და არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. რის გამოც იგი, პირველად აბსოლუტურად უსუსური ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. ქანთარია გადაყვანილი იქნა ზუგდიდის ციხეში და მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდებოდა. ბოლოს, ოჯახზე მუქარის შედეგად, პროკურატურამ მიაღწია იმას, რომ ამ ადამიანს 200 ათასი ლარი გამოსძალეს და მის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. თანხის გადახდის შემდეგ, 2005 წლის სამ თებერვალს იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ციხიდან გამოსული დავით ქანთარია ხელისუფლების კრიტიკას კვლავ აგრძელებდა. ამავდროულად ოქრუაშვილმა შესთავაზა ქანთარიას "ქართული პარტიის" შექმნაში ჩართულიყო და მართლაც, დავით ქანთარიამ სამეგრელოს ყველა რეგიონში პარტიული ორგანიზაციების წინასამუშაოების ჩატარება უზრუნველყო. შემდეგ, ოქრუაშვილის დაპატიმრებამდე, რამდენიმე დღით ადრე, უკვე მეორეჯერ დავით ქანთარია დააპატიმრეს. ამ შემთხვევაში , მის დაკავებას ტელეფონით ბატონი დათა ახალია ხელმძღვანელობდა და მის დაკავებას უშუალოდ ე. წ. მასტერა ახორციელებდა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ მათ დაკავების კი არა, რაიმე პროცესუალურ საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან ისინი გირგვლიანის საქმის გამო, დროებით ჩამოცილებულნი იყვნენ პოლიციის ორგანოებს.

ხაჭაპურიძის თქმით, ქანთარიას იმ პერიოდში დაემართა დიაბეტი და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში , ქანთარიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩაერია ოპოზიციური პარტიები, უშუალოდ პატრიარქი და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, იგი უკვე 35 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ჩვენ კონკრეტულად, წარმოდგენილი გვაქვს ადამიანის ნუგზარ ჯიხაიას ახსნა-განმარტება , რომელშიც იგი ცხადად აღწერს, როგორ დაიბარა ეს ადამიანი როლანდ ახალაიამ და როგორ აიძულებდა დავით ქანთარიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში , მას დააპატიმრებდნენ და მართლაც, ეს ადამიანი დააპატიმრეს, რადგან ქანთარიას საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცა.

გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ ეს საქმე და შესაბამისად, მივმართავთ მთავარ პროკურატურას განიხილოს ეს საქმე, გამოიძებნოს სამართლებრივი მექანიზმები და ქანთარიას მიმართ, ორივე საქმეზე გამამართლებელი განაჩენი იქნას გამოტანილი. ხოლო რაც შეეხება, მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტარ როლანდ ახალაიას , მისი შვილის დათა ახალაიას, ე. წ. მასტერას და ამ საქმეში მონაწილე სხვა უკანონობის ჩამდენ პირთა მიმართ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ "ამ საქმეში ყელაზე საინტერესო კურიოზი, ის გახლავთ, რომ ქანთარიას ბრალად, ფოთის მერობის 2001 წლის ეპიზოდი წარედგინა, ვითომ მან, რაღაც თანხები გახარჯა, თუმცა რამდენად სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, 2001 წელს დავით ქანთარია ფოთში საერთოდ არ მუშაობდა".