შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ახალაიას პასუხისგებისთვის მხოლოდ „ციხის ბუნტიც“ საკმარისია.
ახალაიას განცხადებით, სოზარ სუბარს ძალიან ბევრ რაღაცაზე წარმოდგენა არ აქვს და განმარტა, რომ ის მზადაა თუნდაც „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.
„სოზარ სუბარმა ასეთი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს. რა იცის მან, რა არის საკმარისი ვინმეს პასუხისმგებლობისთვის? დიდი ბოდიშის მოხდით, მგონი ძალიან ბევრ რაღაცაზე ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს. არ არის პრობლემა, ციხის ბუნტზეც სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა სახის შეკითხვას. მიპასუხია ერთხელ, ვიყავი სასამართლოზე და კიდევ ვუპასუხებ. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ახალაიამ.