პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალიას დაბრუნება იმის დასტურია, რომ მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა.
სესიაშვილის განცხადებით, ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო ცივილიზებული სამყარო შეკრულია ისე, რომ დამნაშავეებს თავისუფლების მოპოვება, თუნდაც იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელ ქვეყანაშიც დანაშაული აქვთ ჩადენილი, არც თუ ისე ადვილად შეუძლიათ.
"ახალაიას ქვეყანაში დაბრუნებას მაინც, იმას ვუკავშირებ, რომ მან გაიაზრა , რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, მის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებენ და შესაბამისად, მას ან ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევა და მალულად ცხოვრების გაგრძელება ან იძულებით წესით ჩამოყვანა მოუწევდა. ვფიქრობ, მან თავი აარიდა ასეთ გზას, რადგან შესაძლებელია, ეს გზა მისთვის გაცილებით სარისკო ყოფილიყო. ამიტომ სამართალდამცავი ორგანოების წინაშე, პირადად წარდგომა ამჯობინა. ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას დაიბარებდნენ და ის, რომ მისი მისამართით საქმეები იქნებოდა აღძრული, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა, რადგან მის დანაშაულებში ეჭვმიტანილობის შესახებ, საზოგადოებაში ინფორმაცია ფართოდ იყო გავრცელებული. მე ამ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის წევრი პატივს ვცემ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას და თავს ვიკავებ, ჩემი მხრიდან ის დამნაშავედ მოინათლოს , თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან ძალიან ბევრი კითხვა ექნება და მის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ფაქტი იარსებებს", - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება, ახალაიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ბიუჯეტში არანაირი გადახარჯვა არაა, სესიაშვილი აცხადებს, რომ ახალაიას ეს განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
"ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი წინა ხელისუფლების ერთგვარი შავი კასა იყო, ამას თუნდაც ბიუჯეტის ზოგადი გადახედვა და გაწეული ხარჯები მოწმობს. მათ შორის, არამიზნობრივი ხარჯვა. ამიტომ სამწუხაროდ, რთული არ იყო იმის გაცხადება, რომ თავდაცვის უწყება სახელმწიფო ხარჯებს არამიზნობრივად იყენებდა. ჩემი აზრით, ახალაიას ეს განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმისა, ვთქვათ, რომ თავდაცვის სამინისტროში სერიოზული კორუფცია იყო", - განაცხადა სესიაშვილმა.