ფოთის პორტი - საყოველთაო უვადო გაფიცვის მეექვსე დღე

ფოთის პორტი - საყოველთაო უვადო გაფიცვის მეექვსე დღე

მეექვსე დღეა ფოთის პორტი თითქმის პარალიზებულია. პორტის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.  ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მატებასა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

პორტის თანამშრომლები საკუთარ მოთხოვნებზე ადმინისტრაციისგან წერილობით პასუხს დღეს ელოდებიან.

„საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ხელფასების საკითხი,  თუმცა,  ნავსადგურის მენეჯმენტმა პირობა მოგვცა, რომ ხელფასების თემაზე მუშაობას შეუდგებოდა და არ ვიცით, რა გამოვა, რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ. რაც შეეხება,  სანიტარულ და საყოფაცხოვრებო საკითხებს, თითქმის ყველაფერზე შეთანხმება მიღწეულია და დღეს ამასთან დაკავშირებით, მენეჯმენტი წერილობით, იურიდიულად მიაწვდის ნავსადგურის პროფკავშირების წარმომადგენლებს“, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ.

გაფიცულ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გუშინ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

საყოველთაო უვადო გაფიცვა პორტის თანამშრომლებმა 1-ელ ნოემბერს გამოაცხადეს.