სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას, 06:20 საათზე ქუთაისის #2 დახურული ტიპის კოლონიაში 1955 წლის 25 სექტემბერს დაბადებული მსჯავრდებული ა.ბ. გარდაიცვალა.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, 05:25 საათზე პატიმარმა თავი ცუდად იგრძნო, მასთან გამოძახებულმა ექიმმა პაციენტს 240/120 წნევა დაუდგინა, რის შემდეგაც ჰიპერტონიული კრიზისა და სტენოკარდიის დიაგნოზი დაუსვა.
სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და პარალელურად ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი უკვე ინფორმირებულია.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.