საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი არასწორად მიმდინარეობს.
ამის შესახებ ხიდაშელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის გვერდზე დაწერა.
„გუშინ საოცარი ამბები გავიგე. ისე გავბრაზდი, არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ახლა აქ მინდა, დავწერო. გავიგე, რომ თურმე მე ვბლოკავ თამარ გურჩიანს ომბუდსმენის პოსტზე, მაგრამ მეორე შეხვედრაზე სრული რწმენით მითხრეს, რომ თურმე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებული ყოფილა, ასე რატომ ლობირებს თამარ გურჩიანსო?! შემდეგ უფრო მაგარი ამბავი გავიგე, უჩა ნანუაშვილი თურმე ჩემი აღმოჩენა ყოფილა, იმიტომ რომ საგარეჯოელია. აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მანამდე 1 წლის მანძილზე ასეთი ისტორიები ასობით იყო, რომ მე ვბლოკავდი ან ვლობირებდი და არასოდეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან ცუდი ფორმა მიიღო. მინდა, ყველამ, ვისაც ასეთი აზრები გტანჯავთ, იცოდეთ, რომ საერთოდ არცერთი დღე და არცერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში. არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია, ყველა მხარე არასწორად იქცევა. მგონია, რომ ძალიან არასწორად მიდის პროცესი და ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ, ჩემთვის სრულიად გაუგებრად იქცევიან. როგორც მე დილით ვბლოკავდი და საღამოს ვლობირებდი ერთ-ერთ კანდიდატს, ზუსტად ასეთივე ისტორიებია დიდი უმრავლესობა დაბლოკვებისა და მხარდაჭერების შესახებ რაც იწერება, ოღონდ ამას ისეთი კატეგორიულობით წერს ხალხი, რომ ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულ ფორმებს იღებს" - წერს ხიდაშელი და ინიციატივით გამოდის, ერთი დისკუსია მოეწყოს იმაზე, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული ამ პროცესში.
„მომავლისთვის გამოგვადგება. ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ნამდვილად არ მინდა, ამ პროცესმა ყოველ ჯერზე ასეთი მახინჯი ფორმა მიიღოს" - დასძინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება იმას, თუ თავად რატომ არ მონაწილეობდა ამ პროცესში, ხიდაშელის განმარტებით, როცა ეს წარდგენები და შეხვედრები დაიწყო, ის ჯერ კიდევ საგარეჯოში იყო და „უკვე გაქცეულ მატარებელზე ჩარევა არასწორად მიიჩნია".