ქართველი რეჟისორის რუსუდან ჭყონიას კინოდებიუტმა „KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ” კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა, ანტალიის კინოფესტივალის პირველი აღიარების შემდეგ "Keep Smiling"-მა მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრი აიღო, რეჟისორმა კი, ჯილდოდ 15 000 ევრო.
რუსუდან ჭყონიას ტრაგიკომედია „ოსკარზე“ მოსახვედრადაც იბრძვის. ეროვნული კინოცენტრის მიერ შედგენილმა კომისიამ ის საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენ ფილმად შეარჩია. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. თბილისური პრემიერა კი, ახლო მომავალში ქართულ კინოთეატრებში გაიმართება.
ფილმი “KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ” წარმოადგენს საქართველოს საფრანგეთის და ლუქსემბურგის კოპროდუქციას. სცენარი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ფილმი განხორციელებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმი მოგვითხრობს იმ დრამატული მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. ათი მრავალშვილიანი დედა, რომელთაგანაც ხუთი სოციალურად უაღრესად დაუცველ ფენას ეკუთვნის, ცდილობს მოიგოს მრავალშვლიანი დედების სილამაზიას კონკურსი, რომლის მთავარი პრიზი ბინა და 25 000 ამერიკული დოლარია.
ფილმში მონაწილეობენ: ია სუხიტაშილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, თორნიკე ბზიავა.