თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას უახლოეს დღეებში მიმართავს და განსახილველად საქართველოს მთავრობის პროექტს წარუდგენს, რომლითაც მიმდინარე წელს სახელმწიფო სოციალური პროგრამები აღდგება.
ამის შესახებ მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად მერიის მთავარ მიზნად რჩება, გაგრძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეჩერდა.
აბესაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რამდენიმე განხილვა შედგა, ხოლო ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, რათა სოციალური დახმარებების გაცემა უწყვეტად გაგრძელდეს, თბილისის მერია გეგმავს საქართველოს მთავრობას მიმართოს და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის პროექტი, რომლითაც მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამები აღდგება.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით, სამი პროგრამის – უფასო სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველებისათვის სოციალური დახმარებების და ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, თბილისის მერის წინადადება ამ სახელმწიფო პროგრამების აღდგენის შესახებ იქნება. უზრუნველყოფს თუ არა პროგრამების დაფინანსებას მერია, ჯერჯერობით უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, სამივე პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი წლის ბოლომდე დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა და ეს თანხა თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვა პროგრამებზე უკვე გადაანაწილა.