აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა.
ამის შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 პრიმა 3 მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ზემოხსენებული ბრძანება გამოსცა.
ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა 79 710 021,60 ლარის ოდენობით პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.