საქართველოში დაბრუნებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, ის საქართველოშია და შესაბამისად, მზადაა ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
აღნიშნულის შესახებ, ახალაიამ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე პოსტები, რომლებიც წლების განმავლობაში ეჭირა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მისი თქმითვე, აბსურდულ ბრალდებებზე პასუხი გაეცა.
"ბოლო წლების განმავლობაში, რიგი პოსტები, რომელიც მეკავა თავის თავში იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაღაც სახის თვითშეკავებას გულისხმობდა. ეს არ იძლეოდა ღია ფორმატის საშუალებას, რომ სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, ყოველ ნაბიჯზე პასუხი გამეცა. ახლა პირიქით, მაქვს საშუალება და ინტერესი ეს ყველაფერი სრულად გაირკვეს. გაირკვეს რეალურად, რატომ იყო ეს ბრალდებები და რა პირდაპირი კავშირი შეიძლებოდა მე ამასთან მქონოდა. ის, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებების მთელი კასკადი მესმის, წამებიდან დაწყებული კორუფციით დასრულებული, სწორედ ესაა ჩემი ინტერესი და მაგიტომაც ჩქარა მოვბრუნდი ქვეყანაში, რათა საბოლოოდ გაირკვეს, ამ რაღაცებს ჩემთან კავშირი ჰქონდა თუ არა, იყო თუ არა ესეთი დანაშაულებრივი ქმედებები ჩემს მიერ ჩადენილი და ამიტომაც ვამბობ, რომ მზად ვარ, ნებისმიერი ფორმატის გამოძიებისთვის, ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე", - განაცხადა ახალაიამ.
რაც შეეხება შეკითხვას , მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებს , ახალაია აცხადებს, რომ თეთრაძის გარდაცვალებაზე იმაზე მეტი არაფერი იცის, რაც ზოგადად საზოგადოებისთვისაა ცნობილი.
"რა უნდა შემეძლოს გითხრათ. მეც ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვენ. მე როგორც ვიცი, ეს ადამიანი ციხეში გარდაიცვალა. მე რა უნდა გითხრათ ამაზე? აბსოლუტურად ზედმეტია ინფორმაციის დამატება. დარწმუნებული ვარ, ამაზეც ბევრი ჭორი და ბრალდება ვრცელდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი გაირკვევა. გაურკვეველი არაფერი არ იქნება. არაფერი არსად არ დაიმალება და დაიკარგება", - განაცხადა ახალაიამ.