საია ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საია ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

სადაც მუსულმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვას, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების უფლებას.

„ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას, უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯად ქმედებას“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ადექვატური საშუალება, რათა საფრთხე არ შეექმნას რელიგიის თავისუფლების ზემოაღნიშნული სტანდარტებით განხორციელებას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უნდა დადგეს სოფელ ნიგვზიანის რწმუნებულის ირაკლი გუჯაბიძის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც INFO 9-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტის დროს ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის აზრს, რომელიც საიას ცნობით, თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის გამოხატვის უფლებას.

„მიგვაჩნია, რომ სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების დროს დაირღვა რელიგიური უმცირესობების უფლებები, შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ „მე-9 არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებების დარღვევას“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია გამოთქვამს იმედს, რომ არსებული ვითარება სახელმწიფოს ჩარევით უახლოეს მომავალში განიმუხტება და ყველა რელიგიურ კონფესიას ექნება საკუთარი უფლებების მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა.

სოფელ ნიგვზიანში ვითარება რამდენიმე დღის წინ მუსულმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.