საქართველოში დაბრუნებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ვინაიდან მას უკვე სახელმწიფოებრივი პოსტი აღარ ეჭირა, ქვეყანა რამდენიმე ხნით დატოვა.
აღნიშნულის შესახებ, ახალაიამ რადიო „თავისუფლებასთან“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, მგონი, აკვირდებოდით მოვლენებს, იყო პოლიტიკური განცხადებები, რომ თითქოს მე და ვიღაც ხალხი რაღაც არეულობის მოწყობას ვაპირებთ და რომ, რაღაც იარაღებია, სადღაც გადატანილ-გადმოტანილი. ვინაიდან არანაირი სახელმწიფოებრივი პოსტი აღარ მეჭირა, რომ რაიმე განცხადებებისა და პროვოკაციის საფუძველი არ ყოფილიყო, ჩავთვალე საჭიროდ, რაღაც პერიოდი, სანამ ეს ხელისუფლება ბოლომდე აიღებდა ძალაუფლებას ხელში ქვეყანა რამდენიმე ხნით დავტოვე. სულ ეს იყო და ეს“, - განაცხადა ახალაიამ.
რაც შეეხება, წერილს, რომელიც მისი სახელით გავრცელდა და წერილში ნახსენებ ზეწოლას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რაიმე ზეწოლას განიცდის თუ არა, ახალაია აცხადებს, რომ ამჟამად, ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის და განმარტავს, რომ ეს დასკვნა იქიდან იყო გაკეთებული, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მისდამი ბრალდებები ტრიალებს.
„რა დევნას უნდა ვგრძნობდე, ახლა არანაირს. ქუთაისიდან თბილისში მოვდივარ. არაფერი განსაკუთრებული. ეს ეხება მხოლოდ იმას, რა კონტექსტშიც განვითარდა მოვლენები და ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა ბრალდებებიც ტრიალებს. აქედან გამომდიდინარე იყო ეს დასკვნა გაკეთებული“, - განაცხადა ახალაიამ.