სოსო ცისკარიშვილი : იუსტიციის ყოფილი მინისტრის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა, ეს უკვე პოლიტიკური ინფანტილიზმის მაჩვენებელია

სოსო ცისკარიშვილი : იუსტიციის ყოფილი მინისტრის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა, ეს უკვე პოლიტიკური ინფანტილიზმის მაჩვენებელია

პატიმართა ბუნტი სასჯელაღსრულების სისტემაში, გაფიცული მაღაროელები, ფოთის პორტის მუშები და რკინიგზელები და ახალი მთავრობის მიერ რამდენიმე დღეში დანიშნულ- გათავისუფლებული ძველი ხელისუფლების კადრები. რამდენად არის შესაძლებელი პატიმართა თუ საზოგადოების ყოველ მოთხოვნაზე მთავრობამ მყისიერი რეაგირება გააკეთოს და ზედმეტად ხომ არ ერევა საზოგადოება საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის საქმეში? From.ge ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ბუნტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი პატიმრებისთვის მიცემულ ზედმეტ თავისუფლებად აღიქვამს. რამდენად კანონიერია პატიმართა მოთხოვნები და არის თუ არა შესაძლებელი, მათ ყოველ მოთხოვნაზე სასჯელაღსრულების სისტემამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს?

- მხოლოდ ერთი შემადგენლით არ აღიწერება შექმნილი ვითარება . სრულიად მკაფიოა, რომ არის მცდელობა, გარედან მოხდეს ზემოქმედება ციხეებში არსებულ ვითარებაზე და ამისთვის, დარწმუნებული ვარ, საკმაო რესურსი გააჩნია "ნაციონალური მოძრაობის" იმ ძალებს, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან თეთრი და შავი, ამიტომ ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული სცენარის განვითარებას შეიძენს, თუ დროზე არ იქნა აღკვეთილი ის შესაძლებლობა, რაც უკანონო გავლენებმა შეიძლება წარმოშვას ამ დღეებში.

პატიმრებმა მარტივად დაივიწყეს საკუთარი დანაშაული და თვლიან, რომ ისინი უნდა განკარგავდნენ სიტუაციას ციხეებში და არა სასჯელაღსრულების სამინისტრო . ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ციხეებში შექმნილ ვითარებას , ეს სრულიად სამართლიანი მცდელობაა სამოქალაქო საზოგადოებისა, რომ ციხეებში იყოს წესრიგი და ბოლო მოეღოს პატიმართა მიმართ უსამართლო, სადისტურ დამოკიდებულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე აღარ აღიარებდეს იმ დანაშაულს, რაც პატიმრებს აქვთ ჩადენილი, ბუნებრივია, ისინი უნდა სარგებლობდნენ კანონით განკუთვნილი უფლებებით, მაგრამ პატიმრების მიმართ ლმობიერების უსაფუძვლო განცდა არ უნდა იყოს, თუ ვითარება არ არის საფრთხის შემცველი ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობისთვის.

გაფიცვები მაღაროში, რკინიგზაში, ფოთის პორტში, ფიქრობთ რომ აქაც "ნაციონალების" მიზანმიმართული მცდელობაა თუ ახალი ხელისუფლების მხრიდან "შრომის კოდექსის" ძალიან სწრაფად ცვლილებაა საჭირო ?

- ბუნებრივია ასეთი პროტესტი მის პირველ გამოვლინებებში , ვგულისხმობ მაღაროელთა პროტესტს, რადგან უუფლებობა ხმის ამოღებისა მრავალი წლის განმავლობაში, გაფიცვის, როგორც ბრძოლის სახეობის მკაცრად დასჯად ფორმად წარმოჩენა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, არ აძლევდა საშუალებას სხვადასხვა საწარმოში მონურ პირობებში მომუშავე ადამიანებს, გამოეთქვათ პროტესტი და მიეღწიათ სასურველი შედეგისთვის. ერთბაშად დადგა საშუალება ჰაერის ჩასუნთქვის და რეაქცია იყო სწორედ ის, რომ დიდი ხნის მომთმენმა მუშათა კლასმა გამოხატა პროტესტი იმ ფორმებით, რომელიც არ წარმოადგენს, რაიმე ტიპის ქართულ ნოუ-ჰაუს . რაც შეეხება ასეთი პროცესის ეპიდემიის სახით გავრცელებას, აქ შესაძლებელია რაიმე სახის წაქეზება. თუმცა, ხელფასების ერთნაირი, ასპროცენტიანი მატების მოთხოვნა ჩემთვის მიმანიშნებელია იმის, რომ არსებული წიანაღმდგებობის გადაწყვეტის სურვილი არცთუ რეალურია და არცთუ შემთხვევით არის გამოცხადებული ზოგიერთ გაფიცულთა მხრიდან, რათა ეს მიზანი არ იქნას მიღწეული.

საზოგადოება ერთი კვირაა იმის მომსწრეა, როგორ ხდება ახალი ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვან თანამდებობაზე ძველი ხელისუფლების კადრების დანიშვნა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მათი გათავისუფლება. პროფესიონალი კადრების სიმცირის მიმანიშნებელია ეს თუ ახალი მინისტრების არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე?

- არ არის მარტივი, პირველივე შესაძლებლობიდან, უშეცდომო ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ თითოეული ცალკე აღებული საკადრო საკითხი, ექვემდებარება ინდივიდუალურ გარჩევას, რაიმე საერთო რეცეპტი ან საერთო მიზეზი ასეთი ვითარების შექმნისა, არ არსებობს. რასაკვირველია, ციხის ახალი ხელმძღვანელის საკითხი უნდა განვიხილოთ სულ სხვა მიმართულებით, ხოლო იუსტიციის ყოფილი მინისტრის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა, ეს უკვე პოლიტიკური ინფანტილიზმის მაჩვენებელია ჩემის აზრით. ენერგეტიკის პირველ მოადგილეს, იუსტიციის მინისტრად მუშაობის პერიოდში, უთანხმოების არცერთი ფაქტი არ მოეპოვება ბატონ ადეიშვილთან, რომელიც იმხანად გენერალურ პროკურორად მუშაობდა. თუ ასე შეხმატკბილებულად შეუძლია ადამიანს, პირადი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ვითარებაში, ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ამას სულ სხვა რამ ჰქვია. ქავთარაძის მხრიდან, ნაგვიანები, მაგრამ მაინც პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯი იყო, მან გააცნობიერა ის ზიანი, რაც შეეძლო მიეყენებინა კახა კალაძის ავტორიტეტისთვის. თუმცა, მისმა მცდელობამ, რომ საზოგადოებას ცრემლები მოჰგვროდა მისი განცხადებით, უშედეგოდ ჩაიარა.

თვლით, რომ ქართული საზოგადოება სწორედ რეაგირებს პოლიტიკურ ვითარებაზე თუ ის ზედმეტად ერევა საკადრო ცვლილებებში?

-საზოგადოების აქტიურობის ფორმები, ჩემის აზრით არც თუ კორექტული იყო ზოგიერთ შემთხვევაში, მინისტრად თუ მინისტრის მოადგილეებად დანიშვნა -არდანიშვნის თაობაზე. გარკვეული ანალოგი შეიძლება გავავლოთ გაფიცვებთან. დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას არ ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, ახლა გაუჩნდათ შესაძლებლობა და სურვილი, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ვფიქრობ, მას ხშირად არასათანადოდ იყენებენ.

საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა არჩევნების დღეს და ენდო პარლამენტს. პარლამენტი ენდო მინისტრებს და შექმნა მთავრობა. მთავრობის ხელმძღვანელები ენდნენ საკუთარი მინისტრებს , რომ შეერჩიათ მოადგილეები, თუ ეს არ არის რაიმე ოდიოზური ფიგურა, მაშინ მისი შეცვლა სცილდება საზოგადოების კომპეტენციას. ამა თუ იმ პირის ოდიოზურობას სწორედ საზოგადოება წარმოაჩენს ხოლმე, რაც ჩემის აზრით, ხელისუფლების მხრიდან, უკვე გათვალისწინებულია.