გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ცნობით, ტელეკომპანია „იმედში“ კვლავ რჩებიან ჟურნალისტები გოდერძი შარაშია, ნინია ახვლედიანი და მარიკა ბაკურაძე, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შესახებ, ფილმებს ამზადებენ.
ფილმები მოკლემეტრაჟიანია და 7 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში.
არხის დამფუძნებელ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაუბრუნეს, რომლის შემდეგაც არხზე შეწყდა საინფორმაციო გამოშვებების ჩვენება და არხის რეორგანიზაცია დაიწყო.
2007 წლის ნოემბრის შემდეგ „იმედი“ ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა, მაგრამ ტელეკომპანიაში ამ დრომდე რჩებოდნენ თამარ გედევანიშვილი, თამარ კორძაია, ლევან ტაბიძე, ქეთი ქაშაკაშვილი, ეკა სოსელია და სხვა, თუმცა ეს ჟურნალისტებიც ამ წლის 2 ნოემბერს გათავისუფლებულები იქნენ ტელეკომპანიიდან.
მათთვის სამსახურიდან განთავისუფლება მოულოდნელობა არ ყოფილა.
„ამ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება ჰქონდათ. მით უმეტეს, არხის რეორგანიზაციის დროს. ძალიან ნორმალურად და გაგებით შევხვდი ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტი თამარ გედევანიშვილი.