ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის დეპოლიტიზირებას ითხოვენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის დეპოლიტიზირებას ითხოვენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის დეპოლიტიზირებას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები  არჩევნებამდე უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში უხეშად ერეოდნენ.

სტუდენტების მოთხოვნას რიგი პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ.

როგორც პროფესორი,  ნოდარ უღრელიძე აცხადებს,  უნივერსიტეტს კომპანია „ელიტა ბურჯთან“ კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და  ამ კონტრაქტით 80 სტუდენტს სატელიტური ანტენების დაყენება უნდა ესწავლა.

მისი თქმით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ,  ის კუდის თანამშრომლებმა მოდულის შენობაში წაიყვანეს და მოსთხოვეს კომპანიასთან ახალი კონტრაქტი აღარ გაეფორმებინა.

უღრელიძე აღნიშნავს, რომ ამის გამო,  უნივერსიტეტმა ნახევარ მილიონამდე ზარალი განიცადა.

მისივე თქმით, მისი მოდულის შენობაში გადაყვანისას მონაწილეობას იღებდა ტექნიკური უნივერსიტეტის 2 თანამშრომელი: ლევან ტატიშვილი, რომელიც კუდის მესამე განყოფილების უფროსი იყო და ბორის გითოლენდია,  რომელიც სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლები სოდიდან და კუდიდან არ უნდა იმართებოდეს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ უმაღლესი სასწავლებლები  სოდიდან და კუდიდან იმართებოდეს და ადამიანები, რომელსაც უღრელიძე ასახელებს ტატიშვილი და გითოლენდია  სათანადოდ უნდა დაისაჯონ.  ასევე ჩვენ  ლექტორის ლეგიტიმაციის საკითხსაც ვაყენებთ“, - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე.