იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტების მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების გზით, არასწორია.
ამის შესახებ წულუკიანმა უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებმაც ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამო დღეს აქცია გამართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მათზე რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
წულუკიანის განცხადებით, მსგავსი კონფლიქტების მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების გზით არასწორია.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეს ქუთაისში მართლმადიდებელი და მუსლიმანური თემების უმაღლეს სასულიერო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, ხოლო ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და უფლებადამცველები არიან ჩართული.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაში შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობენ.
მინისტრის თქმით, მათ შორის შეთანხმება მიღწეულია, რის შესახებაც განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, წულუკიანის განცხადებით, კონფლიქტის განმუხტვისთანავე, შესაბამისი სტრუქტურები, საქართველოს პროკურატურა და შს სამინისტრო ინციდენტს შეისწავლიან და თუკი, კონკრეტული ადამიანების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი კონკრეტული ქმედებები გამოიკვეთება, ყველა მათგანი კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ორი რამ - კონფლიქტის მოგვარება და შესაძლო კანონდარღვებზე რეაგირება, ჩვენი მიდგომით, პირველ პროცესში სახელმწიფო ასრულებს ფასილიტატორის როლს რელიგიურ ჯგუფებს შორის და მხოლოდ კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები რეაგირებენ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებზე",- განაცხადა წულუკიანმა.
შეხვედრის ბოლოს, იუსტიციის მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა საკითხით დაინტერესებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც უპასუხოს შეკითხვებს, რომლების იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილში გაჩნდება.