თამაზ შოშიაშვილი: სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციებს ველოდებით

თამაზ შოშიაშვილი: სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციებს ველოდებით

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ შოშიაშვილი სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებს გამოეხმაურა და სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებების გაუქმების მიზეზები განმარტა.

შოშიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების საკითხი მერიასა და ახალი მთავრობის კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებამდეა შეჩერებული.

"საქართველოს უკვე ყოფილი მთავრობის მიერ 19 ოქტომბერს გამოცემული დადგენილებით, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება თბილისის მერიის ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. აქედან გამომდინარე, ჩატარდა საკრებულოს სხდომა და ამ პროგრამებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები სხვა მუხლებში გადანაწილდა. უკვე 31 ოქტომბერს კი, ამჟამიმინდელმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება გააუქმა, რასაც შესაბამისად ამ პროგრამების შეჩერება მოჰყვა", - განაცხადა შოშიაშვილმა.

ისინი მიიჩნევენ, რომ თბილისის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე თბილისის თვითმმართველობის პრეროგატივა უნდა იყოს.

"ჩვენ ველოდებით კონსულტაციებს, რის შემდეგაც საკრებულო მზადაა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა შოშიაშვილმა.