კანონმდებელთა ნაწილი პარლამენტის მშენებლობის დასრულების მომხრეა, ნაწილი შენობის „დაკონსერვების“

კანონმდებელთა ნაწილი პარლამენტის მშენებლობის დასრულების მომხრეა, ნაწილი შენობის „დაკონსერვების“

დეპუტატთა ერთი ნაწილი პარლამენტის მშენებლობის პროცესის დასრულების მომხრეა, მეორე ნაწილი კი, ფინანსების დაზოგვას მოითხოვს.

 დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ უწყების მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შენობის დასრულებას დამატებით 15-20 მლნ ლარი სჭირდება.

 მისი თქმით, პარლამენტის მშენებლობის დამკვეთი შ.პ.ს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოა, რომელსაც  ნაშთის სახით,  10 მლნ გააჩნია.

 „უპრიანი იქნებოდა ეს თანხები ეკონომიკის სამინისტრომ გაიღოს და მშენებლობა გაგრძელდეს“, - დასძინა მან.

 ტყემალაძეს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამუშაოები დროზე უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  მშენებლობა ორი თვის შემდეგაც არ დასრულდება.

 „გვინდა თუ არა, ამ შენობის მშენებლობა უნდა დამთავრდეს, რადგან არავინ იცის თბილისში გადასვლა მოგვიწევს თუ არა და როდის. იმედია, არ გადავალთ, მაგრამ მთავრობასთან უნდა იმუშაოთ, რომ მშენებლობის გაგრძელებისთვის წყაროები იქნეს მოძიებული“, - დასძინა მან.

 ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვას, უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით, სრული ქაოსია.

 „არიქა, მშენებლობა დავამთავროთ და 20 მლნ ავიღოთ, რას ნიშნავს? რას ვამთავრებთ? ასეთ სიტუაციაში, პარლამენტი არ უნდა მუშაობდეს, რადგან სრული ქაოსია. ამ შენობაში რა რჩება ეს არის საქმე, რადგან თუ საქათმეს ვაშენებთ, მაშინ საქათმის ბიუჯეტი უნდა იყოს გამოყოფილი და ა.შ. სჯობს, შენობა დაკონსერვდეს, რომ რაიმე არ ჩამოინგრეს. ცალკე პროექტია ჩამოსაყალიბებელი - როგორი უნდა იყოს კონსტრუქცია“, - დასძინა მან.