თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის თანხები გამოყოფილი იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯების, გაღება ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცა.
შესაბამისად, სამუშია მიიჩნევს, რომ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მერიას ეკისრება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია თბილისის მერიამ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
"სოციალურად დაუცველებს დედაქალაქის ბიუჯეტი აფინანსებდა. ეს თანხები მერიის ბიუჯეტში იდო, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების წინ, დედაქალაქის მერიას ეს თანხები დასჭირდა და თანხები შეჭამეს. შესაბამისად, თანხები სოციალურად დაუცველთა მუხლიდან ამოიღეს და თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯები, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცეს. ისე რომ სამწუხაროდ, კონკრეტული დასაბუთება წარმოდგენილი არ იყო", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დაზარალდა და აღნიშნა, რომ მათ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია ზრუნვა დაიწყოს.
"მერიამ აიღო და ცენტრალურ ხელისუფლებას თვითნებურად გადასცა, თუმცა აუცილებელი იყო ვალდებულებები გარკვეულიყო და ის პროცედურები განხორციელებულიყო, რაც საჭიროა. მოსახლეობა არ უნდა დაზარალებულიყო. სოციალურად დაუცველებს ახლა, ეს პრობლემები არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ჰქონდეთ ის შეღავათები, რითაც აქამდე სარგებლობდნენ. დედაქალაქის მერიას ეს პროცესი ასე ხელაღებით არ უნდა განეხორციელებინა, უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, დათვლილი და გაანალიზებული , თუ რატომ გადაეცა ეს ვალდებულებები ცენტრალურ ხელისუფლებას", - განაცხადა სამუშიამ.