ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის მშენებლობის საკითხი შესაძლოა აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, აღნიშნული საკითხი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დასვა.
მისი თქმით, ეს საქმე, ბიუჯეტის ხარჯვის ახალი მიმართულებებია და ამ თემით, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
ძიძიგურს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და მშენებლობის პროცესის შემსწავლელ ჯგუფს დასკვნის დადება სთხოვა.
„რაღაცეებს დაველოდოთ, თუმცა, შენობაში ხაჭაპურისა და ფუნთუშის შემოტანაც კი გაძნელდა, რადგან ტენდერი ვერ ცხადდება. აუდიტმა ეს საქმე უნდა შეისწავლოს“, - დასძინა მან.
უმრავლესობის წევრების განცხადებებს, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მომხრე არის, რომ ფინანსური მხარე აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.
პარლამენტის მშენებლობის პროცესისა და ფინანსების შესახებ ბიუროს სხდომაზე ინფორმაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ წარადგინა.
მისი თქმით, მშენებლობის დასრულებისთვის 15-20 მლნ ლარია საჭირო, დღევანდელი მონაცემებით კი, მშენებლობისთვის 360 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.