ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგები დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო და აღნიშნა, რომ კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ახალი მთავრობა ხელახლა შეისწავლის.
ნარმანაის თქმით, სამუშაო ჯგუფმა კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები თავად დაათვალიერა.
სამინისტროს წარმომადგენლები ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ორჯერ იმყოფებოდნენ.
„ჩვენ დავიწყეთ კახეთის რეგიონით, რადგან იქ მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებოდა და ამავდროულად, იქ არ არის ბოლომდე დასრულებული სტიქიით მიყენებული ზარალის შემდგომი სამუშაოები. ბოლომდე არ არის აღწერილი ზარალი. ასევე არის პრობლემა, რომ მხარდაჭერა მოსახლეობისთვის შერჩევით განხორციელდა. ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი სტიქიით მიყენებული ზარალი. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელახლა შევისწავლოთ იქ არსებული პრობლემები“,- განაცხადა ნარმანიამ.
ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა სულ სამი საგზაო ობიექტი, შვიდი ისტორიული ძეგლი, წყალმომარაგების ექვსი ობიექტი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მინისტრის განცხადებით, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის სამუშაოების შემსრულებლების მიმართ სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნა, რაც ადეკვატურად აისახებოდა ხარისხზე.
„ბევრი სამუშაო, მათ შორის საგზაო მშენებლობები, უხარისხოდ არის შესრულებული, დაგებული გზის საფარი ისევ საჭიროებს რამდენიმე ადგილზე რეაბილიტაციას. ბევრი შემსრულებელი ასევე საუბრობს ზეწოლაზე. იყო ზეწოლა, რომ კონკრეტული სამთავრობო ღონისძიებებისთვის მოესწროთ გარკვეული სამუშაოების დასრულება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრი ყველა შემსრულებელს მოუწოდებს, ასეთი ფაქტების შესახებ, დროულად მიმართონ სამინისტროს, რომელიც მათ გადაამისამართებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან.