ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, თბილისის მერიამ და საკრებულომ უნდა აღიარონ, რომ არასართლებრივი გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისასა განაცხადა, სოციალური პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულების მოხსნა მერიის მხრიდან არასამართლებრივი ნაბიჯი იყო და იმისათვის, რომ კონსულტაციები და გამოსავლის გზებზე მსჯელობა დაიწყოს, მერიამ ეს უნდა აღიაროს.
ამასთან, ებრალიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომელიც ყოფილმა მთავრობამ 19 ოქტომბერს მიიღო, თბილისის მერიის მიერ იყო ინიცირებული, რაც მისი თქმით, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.
„ეს მნიშვნელოვანი თემაა, რადგან, როცა მერია ამბობს, რომ ეს მან კი არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა სოციალური დახმარების უნიფიცირებისათვის, არ შეესაბამება სინამდვილეს. სინამდვილეში ეს წინადადება მერის ინიცირებული იყო“ - განაცხადა ებრალიძემ.
მისი განმარტებით, არ შეიძლება ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბიუჯეტმა კონკრეტულად რომელიმე პროგრამა დააფინანსოს, თუ ეს მთლიანად საქართველოს არ ეხება.
„დადგენილება, რომელზეც აპელირებენ დარომელიც ვანო მერაბიშვილის მთავრობამ მიიღო, შეეხება მხოლოდ თბილისის პრობლემებს და არცერთ შემთხვევაში არ იყო ცენტარული ხელისუფლების სტრატეგია, რომ ყველასთვის ყოფილიყო“ - აღნიშნა ებრალიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ აღნიშნული დადგენილება ხაზს უსვამს ადგილობრივი ხელისუფლების მერკანტილურ მისწრაფებს და მიღებული იყო ვიწრო პოლიტიკური ჭრილიდან.
„ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლება დარჩა თბილისში. შესაბამისად ის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯებით დაიტვირთოს მისი შესაძლებლობები და რაც შეიძლება მეტი რესურსი დარჩეს თავის განკარგულებაში“ - განაცხადა ებრალიძემ და დასძინა, რომ მერიამ სწორედ იმიტომ მიმართა მაშინდელ მთავრობას, რომ აღნიშნული ხარჯებისგან გათავისუფლებულიყო.
მისივე თქმით, 20 ოქტომბერს საკრებულომ ისე ამოიღო ეს ხარჯები ბიუჯეტიდან, კითხვა არავის გასჩენია - რა ქნა ცენტარულმა ხელისუფლებამ, აქვს თუ არა რესურსი იმისათვის, რომ ეს სოციალური პროექტები განახორციელოს და ხალხი არ დარჩეს დახმარების გარეშე.
როგორც ებრალიძემ აღნიშნა, მათ იცოდნენ, რომ წლის ბოლომდე რესურსი არ არსებობდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უაპელაციოდ, ერთხმად მიიღეს.
მისივე თქმით, ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან, როგორც ებრალიძემ აღნიშნა, აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს რაიმე ხარჯი გაწიოს, თუ ბიუჯეტში არ იქნება გაწერილი და მას პარლამენტი არ დაამტკიცებს.
ებრალიძის განცხადებით, აქედან გამომდინარე, დადგენილება პრემიერ-მინისტრს რომც არ გაეუქმებინა, მაინც ვერ აღასრულებდა მას.
„როდესაც ეს გაუქმდა, მერიამ განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეუწყვიტა მას რესურსი, სინამდვილეში ეს საკრებულოს და მისი გადაწყვეტილებით მოხდა“ - აღნიშნა ებრალიძემ.
მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის 2 გზა არსებობს - მას შემდეგ, რაც მერია და საკრებულო აღიარებენ, რომ არასამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ თავის ბიუჯეტში შესაბამისი მუხლები ისევ უნდა აღადგინონ.
ებრალიძის განცხადებით, თუ ასე არ მოხდა, ცენტარული ხელისუფლება ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსად უპასუხისმგებლოდ არ მოიქცევა და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად რესურსს გამოძებნის.
„შესაძლოა, ტრანსფერები, რომელიც მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში, შეიზღუდოს და ამის ხარჯზე მოხდეს სოციალური პროგრამების უზრუნველყოფა“ - განაცხადა ებრალიძემ.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება სრულიად უკანონოდ მიიღო და არ დაინტერესებულა, არსებობდა თუ არა შესაბამისი რესურსი ბიუჯეტში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, სოციალური პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს, კი საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება ისევ გააუქმა.