ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად უნდა მოხდეს, იდენტიფიცირება ისეთი ხარჯებისა, რომლებიც არაფრის მომცემი არაა.
ამის შესახებ ებრალიძემ დღეს, ტელეკომპანია "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას იმ კითხვის პასუხად განაცხადა, იგეგმება თუ არა სარეზერვო ფონდების შემცირება.
ებრალიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მათ მუშაობა ფორსირებულ რეჟიმში უწევთ, რადგან როგორმე მიმდინარე პრობლემები და მომავალი წლის ბიუჯეტი იმ კონდიციებამდე მიიყვანონ, რა სურვილებიც და ხედვებიც გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს.
"მაქსიმალურად უნდა მოხდეს, იდენტიფიცირება ისეთი ხარჯებისა, რომლებიც არაფრის მომცემი არაა. წინა მთავრობის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი სოციალურად და შედეგებზე ორიენტირებული არ იყო და სულ სხვა მიზნებს ისახავდა. მაგალითად, პოლიტიკურ, პიარის ან სხვა მიზნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობისთვის არაა არსებითი. ამდენად, ცხადია, ყველა მუხლი, ყველა კომპონენტი გადაიხედება და დაზუსტდება. ეს რთული პროცესია. ამ ყველაფერს ანალიზი და შეფასება სჭირდება. ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი გადახედულია . ცოტა რთულია ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ისეთ დონეზე იყოს, როგორც სინამდვილეშია საჭირო, მაგრამ ჩვენ წლის ბოლომდე, სანამ ბიუჯეტის კანონის ვადა გვაქვს ამ ყველაფერს შესაბამის კონდიციამდე მივიყვანთ", - განაცხადა ებრალიძემ.
მისი თქმით, პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, ინოვაციურ სიტუაციას არ უნდა მოველოდეთ .
"ჩვენ ფორსირებულ რეჟიში ვმუშაობთ, რომ როგორმე მიმდინარე პრობლემები და მომავალი წლის ბიუჯეტი იმ კონდიციებამდე მივიყვანოთ, რა სურვილებიც და ხედვებიც იმ პოლიტიკურ ძალას აქვს, რომელმაც გაიმარჯვა, მაგრამ თვითონ ბიუჯეტირების სისტემა უფრო მეტ დახვეწას, მეტ მენეჯმენტს და მეტ ადმინისტრირებას მოითხოვს. ეს ბიუჯეტი შეიძლება არ შეესაბამებდეს იმ მოთხოვნებს , მაგრამ თანდათანობით დაიხვეწება და მისადაგებული იქნება პროგრამულ ბიუჯეტთან", - განაცხადა ებრალიძემ.