ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრები ისევ იმყოფებიან.
პატიმართა ახლობლები ციხის დირექტორის ნუკრი ხუხუას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, ნუკრი ხუხუა არის ბაჩო ახალაიას მსგავსად ჯალათი და ბაჩო ახალაია სწორედ მისი გამოწვრთნილია.
„ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანი არის ის, რომ გვაქვს ინფორმაცია პატიმრებისგან, რომ ციხეში აპირებენ სპეცრაზმის შეყვანას და ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი პატიმრები ძალადობისგან“, - აცხადებენ პატიმართა ოჯახის წევრები.
მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე პატიმრებთან შეხვედრაა.
მსჯავრდებულების ოჯახის წევრების თქმით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე პატიმარი გუშინ სცემეს, რამდენიმე პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს, ნაწილი კი, შეუძლოდ არის.
ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.