საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გუგული მაღრაძის განცხადებით, სახალხო დამცველის დასახელებულ კანდიდატებს შორის მას რომელიმეს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს.
როგორც მან დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ირგვლივ მსგავსი ინტერესია, მოწმობს იმას, რომ ქვეყანამ დემოკრატიის ფაზაში შეაბიჯა.
„ჩემს თვალწინ ორი სახალხო დამცველი დაინიშნა, რომელთა კანდიდატურაც სადღაც რაღაც წრეებში მზადდებოდა, შემდეგ შემოდიოდა პარლამენტში და, ფაქტობრივად, უალტერნატივო კანდიდატურა იყო ხოლმე“ - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, დღეს დასახელებული ყველა კანდიდატი თავისი სფეროს პროფესიონალია.
„დიდი ხანია ვიცნობ ლია მუხაშავრიას, ნაკლებად ვიცნობ თამარ გურჩიანს, მაგრამ ვიცი რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობს. ვიცნობ გელა ნიკოლაიშვილს , დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ასე რომ, კიდევ ჩამოვყალიბდები და მიმაჩნია რომ ყველა მათგანი წარმატებით გაუძღვება საქმეს"- განაცხადა მაღრაძემ.