"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი შალვა ოგბაიძე მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო, ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
როგორც ოგბაიძემ from.ge-ს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაში დღეს შევა, რისი საშუალებითაც არა ქონების დაბრუნებას, არამედ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
ოგბაიძის განცხადებით, მისი მიმართ პოლიტიკური დევნა მაშინ დაიწყო, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა დაიბარა და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.
„დავით ნამგალაურმა დამიბარა და მითხრა რომ უნდა გადავმდგარიყავი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პოსტიდან და ჩემს მაგივრად დანიშნულიყო მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი, ნიკოლოზ ალასანია.წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრობლემები შემექმნებოდა. გადადგომაზე უარი ვთქვი და პრობლემებმაც არ დააყოვნა“ - განუცხადა from.ge-ს ოგბაიძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მის მიმართ მიზანმიმართულად ხდებოდა საგადასახადო ინსპექციების მიერ საკუთრებაში არსებულ კომერციულ ობიექტებში „დარღვევების“ აღმოჩენა, ქონების ჩამორთმევა და აუქციონზე გაყიდვა.
„მოგონილი მეთოდი იყო ასეთი- აღმოაჩენდნენ საგადასახადო „დარღვევას“, რასაც შემდეგ მოჰყვებოდა ქონების გაყიდვა აუქციონზე გატანა და ა.შ. ასევე, საუბარია პროფილაქტიკის ჩამორთმევაზე, რომელიც ბანკში კრედიტით უზრუნველყოფილი იყო ბინითა და ნაკვეთით და იმის გამო, რომ ვეღარ მოვემსახურეთ საბანკო კრედიტს, მიყვა ამ ყველაფერს. შემდეგ ამას მოჰყვა ჩემს ავტოსკოლაში საგადასახადოს შემოსვლა“ - განაცხადა ოგბაიძემ და დასძინა რომ მიუხედავად ამ და სხვა დაკარგული ქონებისა, მისთვის იგი ბოლოხარისხოვანია და კონკრეტულ პირებს პასუხს მისი ოჯახისა და შვილების მიმართ განხორციელებული დევნა-რეპრესიების გამო მოსთხოვს.
ოგბაიძის თქმით, პოლიტიკურმა დევნამ პიკს 2011 წლის 26 მაისს მიაღწია, როდესაც მისი ოჯახის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს, ხოლო მის შვილებს წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ იმის გამო სცემდნენ, რომ შალვა ოგბაიძის შვილები იყვნენ.
ოგბაიძის განმარტებით, მისი უფროსი ვაჟი საპატიმროს დატოვების შემდეგ ოჯახთან ერთად გერმანიაში სწორედ პოლიტიკური დევნის გამო გაიხიზნა.
„მოკლედ, ჩემს გარშემო იყო ხელისუფლების ყულფი და ეტყობა, ეშხშიც იყვნენ შესულები, თუ რამდენს გავუძლებდი. ახლა ვიწყებ სწორედ ამ კონკრეტული ჩინოვნიკებისთვის პასუხის მოთხოვნას, რადგან ხელისუფლება ამ დავალებას ასრულებდა კონკრეტული პირების საშუალებით და მაქვს კითხვები მათთან - ხომ არ გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. რბილად რომ ვთქვათ გადააჭარბეს და ამას მოჰყვა ჩემი კომერციული და საზოგადოებრივი საქმიანობის დანგრევა“ - აღნიშნა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, პასუხი მოეთხოვება საპატრულო პოლიციასაც, მისი შვილების დაზიანების გამო, ასევე საგადასახადო მუშაკებს და ყველა იმ პირს, ვინც მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდა.
მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელს დღეს შალვა ოგბაიძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია შეიტანს.
"გარდა იმისა, რომ შალვა ოგბაიძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პოლიტიკური რეპრესიები, ამ ადამიანს ჩამოერთვა ქონება. ჩვენ დღეს პროკურატურაში სარჩელი შეგვაქვს, ყველა იმ ზემოთხსენებული პირის მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საქმეში. მოვითხოვთ ფედერაციის მაშინდელი სტატუსის აღდგენას და შალვა ოგბაიძისთვის საკუთარი ქონების დაბრუნებას",- აცხადებს დიმიტრი გაბუნია. ადვოკატი აღსრულების ბიუროს მოუწოდებს , თავი შეიკავოს შალვა ოგბაიძის დარჩენილი ქონების გაყიდვისგან.