პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატიმრების ოჯახის წევრებს თხოვნით მიმართავს უნებლიედ იმ სცენარში ნუ აღმოჩნდებიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ კულუარებში წერს და რომლის მთავარი არსი - ქვეყანაში ცხელი კერების შექმნაა.
როგორც ჟურნალისტებს საპატიმროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბესელიამ განუცხადა, დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტებს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც პატიმართა მიმართ არაჰუმანურ და ძალადობრივ მიდგომას არ დაუშვებს.
„პატიმართა მშობლებსა და ოჯახის წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ბევრი მათგანი გათავისუფლდეს კიდეც. ამიტომ, მათ ვთხოვ უნებლიედ იმ სცენარში ნუ აღმოჩნდებიან, რომელსაც სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კულუარებში წერს და რომლის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ცხელი კერები შეიქმნას. ვისაც პატიმარი ჰყავს, მათი ნერვიულობის მესმის, მაგრამ აჟიოტაჟი პროცესს აფერხებს და ჩემი თხოვნაა ამას გაგებით მოვეკიდოთ“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა საპატიმროებში პროცესები დაიძაბა. რამდენიმე პატიმარმა დეპარტამენტების ხელმძღვანელობის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს და პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერეს.