სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია მუშაობას ორ დღეში შეუდგება.
„პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უკვე ყოფილ კომისიას მუშაობის ვადა ამოეწურა. კომისიის დასაკომპლექტებლად ორი დღეა საჭირო. მის დაკომპლექტებაში პარლამენტმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, კომისია მუშაობას 2 დღეში შეუდგება“, - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სუბარი საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლება ქაოტურ ხასიათას ატარებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქაოტური ის იყო, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, ახლა კი, ყველაფერი კანონის ფარგლებში გააზრებული და მიზანმიმართული პოლიტიკით მიმდინარეობს.
„შეუძლია მოვიდეს და გაეცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ვთხოვ მსგავსი არასწორი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. ქაოტური ეს არის პრეზიდენტის შეწყალებები, რომლის დროსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი ისეთი ადამიანები თავისუფლდებიან, რომელთაც სასჯელის მხოლოდ რამდენიმე თვე აქვთ მოხდილი. მაგალითად, წინა შეწყალების დროს პრეზიდენტმა კორტების სპეცოპერაციისას ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლა, რომელსაც 10 წელი ჰქონდა მისჯილი. სწორედ, ეს არის გასაკონტროლებელი, თუ როგორ ხდება პრეზიდენტის შეწყალებები“,- განაცხადა სუბარმა.