არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ დღეს თემაზე „პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ამნისტია საქართველოში” პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც from.ge-ს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, პრესკონფერენციაზე ხელისუფლებისთვის იმ სამართლებრივი გზების შეთავაზების პრეზენტაცია გაიმართება, რომლითაც შესაძლებელია პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
კაკაბაძის განმარტებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაიჭრას.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს უმოკლეს ვადაში არ გაათავისუფლებს, ამას უახლოეს მომავალში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს და მის მიერ განხორციელებული ამნისტია ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.
„სააკაშვილი გაათავისუფლებს არამხოლოდ პოლიტპატიმრებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც ადრე კუდ-ის ან სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ და ბევრი რამ იციან ყოფილი ხელისუფლების წევრების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. ამიტომ სააკაშვილი ეცდება მათგან ციხეები დაცალოს“ - განუცხადა from.ge-ს კაკაბაძემ.
მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და პოლიტპატიმრები უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს.
უფლებადამცველის განმარტებით, ამით მიხეილ სააკაშვილს „გზა მოეჭრება“ და თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შეძლებს.