ქსნის #15-ე დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლებმა ჯარისკაცი სცემეს

ქსნის #15-ე დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლებმა ჯარისკაცი სცემეს

ქსნის #15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან წუხელ ადგილზე შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ციხის დაცვის წარმომადგენელი ჯარისკაცი სცემეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

ინციდენტის სავარაუდო მიზეზი პატიმრების ახლობლების ციხეში შეჭრის მცდელობა გახდა. 

ქსნის ციხესთან პატიმართა ახლობლები გუშინ  დილიდან იმყოფებოდნენ.

ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ქსნის #15-ე დაწესებულებაში ბუნტია და იქ სპეცრაზმის შესვლა იგეგმება, რაც არ დადასტურდა. 
დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ 15-მა პატიმარმა პირი ამოიკერა. 
მისი ინფორმაციით, პატიმრები ითხოვენ თანამდებობებს ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც პატიმრების წამებაში, ცემასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში არიან მხილებული.

ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეიდან დაიწყება იმ პატიმრების გამოკითხვა, რომლებიც კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მისივე თქმით, არიან პატიმრები, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ ციხის დირექტორის ნუკრი ხუხუას მიმართ. 

ლორთქიფანიძემ პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას, რადგან მათ მიიღეს პირობა, რომ დაწესებულებაში არ შევა სპეცდანიშნულების რაზმი, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.