პრეზიდენტი ომში დაღუპული კაპრალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პრეზიდენტი ომში დაღუპული კაპრალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის კაპრალ რეზო ალავერდაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ქვეყნის პირველი პირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის კაპრალ რეზო ალავერდაშვილს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ და მისი იდენტიფიცირება დნმ-ს ანალიზით გახდა შესაძლებელი.

კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და იგი დაჯილდოებულია მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“.