ოსური საიტები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის „კომერსანტთან“ ინტერვიუს ნაწილს აქვეყნებენ, სადაც მინისტრი ოსური და აფხაზური პასპორტების შესახებ საუბრობს.
„ საუბარი მიდის არა აღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითუნარიანად იქნეს აღიარებული ისევე, როგორც ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებია, რადგან მათაც ისეთივე უფლებები გააჩნდეთ, როგორც სხვას“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „Commersant.ru“-სთან ინტერვიუში.
მინისტრის განცხადებით, არ არის აუცილებელი ამ საკითხის განხილვა პარლამენტში. „მთავრობამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ამ საკითხის გადაწყვეტა ნორმატიული აქტითაც არის შესაძლებელი“,-აღნიშნავს მინისტრი.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, არ არის აუცილებელი აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. „ეს სწორედ ის საკითხია, რომლის ცალმხრივად გადაწყვეტაც შესაძლებელია“,-აღნიშნავს მინისტრი.