მომავალი კვირიდან „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობა დაიწყება.
ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და რკინიგზელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რკინიგზის ხელმძღვანელობასა და მუშა-მოსამსახურეებს შორის ვაკუუმია და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი არსებობს.
„ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთი პირველი ფუნქცია და მოვალეობა იქნება, რომ რკინიგზელებს გულითადად მოუსმინოს და მათი პრობლემები გაითვალისწინოს. ასევე, მარტივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ჩვეულებრივ რკინიგზელს აწუხებს"- განაცხადა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებენ, რომ რკინიგზელების მიერ დასახელებული პრობლემები უახლოეს მომავალში გადაწყვეტილი იყოს.
ირაკლი ეზუგბაიამ „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.