მინისტრები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

მინისტრები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შსს-ს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის კაპრალ რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ.

მათ დაღუპული სამხედროს ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. დაკრძალვის ცერემონიალში  საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული მონაწილეობდა. საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.

"კაპრალი ალავერდაშვილი არის ჩვენი ქვეყნის გმირი. ის გმირულად იცავდა საქართველოს 2008 წელს, როცა აგრესორებმა შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას. მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. ძნელია ოჯახისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც 2008 წელს დაგვატყდა თავს. მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ცოცხალი გმირები უმრავლოს ღმერთმა. ჩვენი ამოცანა იქნება დავიცვათ მშვიდობა და ის ქვეყანა, რომლის დაცვასაც შესწირა თავი კაპრალმა ალავერდაშვილმა" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აგვისტოს ომში კაპრალი  რეზო ალავერდაშვილი 21 წლის გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ  დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. თანამებრძოლებს რეზო ალავერდაშვილი 9 აგვისტოს შანხაის მიმართულებით მოწინააღმდეგესთან შეტაკების შემდეგ აღარ უნახავთ. კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით - ”სამშობლოსათვის თავდადებული”. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.