ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისელების სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით შექმნილ გაუგებრობაში პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს აკისრებს. „სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა რომ 600 ათას მოქალაქეს სოციალურ შეღავათებსა და დაზღვევასთან დაკავშირებით დროებით პრობლემა შეექმნება“,-ეს განცხადება ხადურმა ტელეკომპანია „მაესტროში“ გააკეთა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მერაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს "ზედმეტ ტვირთად" 2012 წლის განმავლობაში დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 78 მილიონი ლარი "აჰკიდა". "ეს მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ და საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამაა. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არაა ის, რომ ხარჯები თავის თავზე აიღოს მაშინ, როცა ხარჯების წყარო არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, პარლამენტს კი ასეთი კანონი არ მიუღია", - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს წინა პრემიერის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილება რომც არ გაეუქმებინა, ცენტრალური ბიუჯეტი თბილისელების სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯებს მაინც ვერ გასცემდა.
ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ახალ მთავრობას პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით მიმართა.
„თუ ვინმეს საუბრის სურვილი ჰქონდა, 19 ოქტომბრისთვის ყველამ იცოდა, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იქნებოდა და ჩემი ტელეფონის გაგება ძნელი არ იყო", - აღნიშნა ხადურმა გიგი უგულავას ინიციატივის საპასუხოდ, გამოსავალს კი ფინანსთა მინისტრი
თბილისის საკრებულოს შეკრებასა და მის მიერ დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში იმ პარამეტრების აღდგენაში ხედავს, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებობდა. "უნდა აღდგეს ის სტატუს ქვო, რომელიც იქამდე არსებობდა, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ პროგრამების ცენტრალური ბიუჯეტისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა", - აღნიშნა ხადურმა.