თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ის სოციალური დახმარება, რომელიც თბილისელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ, აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
უგულავას თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ის „დუჟმორეული ინტონაცია“, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად სწორედ ფინანსტა მინისტრს ნოდარ ხადურს ეკისრება, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ივანიშვილი საქმის ვითარებაში ბოლომდე გარკვეული არაა და, პრაქტიკულად, დადგენილებაზე ხელი ხადურმა მოაწერინა.
უგულავას მიაჩნია, რომ ამით ფინანსთა მინისტრმა სამართლებრივად ის ვაკუუმი შექმნა, რომლისგანაც გამოსავალი ისევ მერიამ უნდა იპოვოს.
„ტონი, რომლითაც ხადური საუბრობს, მიუღებელია. მუქარა, რომელიც ჩვენ დღეს მისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად უკანონოა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი არ არის ცენტრალური მთავრობის წყალობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ესაა კანონით გათვალისწინებული ტრანსფერი, რომლის მიცემა-არმიცემა არაა დამოკიდებული ფინანსთა სამინისტროზე" - განაცხადა უგულავამ და დასძინა, საქართველოს ყველა მოქალაქეზე შეღავათები თანაბრად უნდა გავრცელდეს.
მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაურკვეველი პრეტენზიები და „ლანძღვა-გინება“ მოდის.
„ვიღებთ ლანძღვა-გინებას და პროკურორის მანტიით შემოსილი საბიუჯეტო კლერკი გვიკითხავს ნოტაციებს, რომ ყველა კაპიკს დაითვლის. რა თქმა უნდა, ყველა კაპიკი უნდა იყოს დათვლილი, მაგრამ მინდა შევახსენო ფინანსთა მინისტრს, რომ ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო და ეს არ არის მისი საქმე" - აღნიშნა უგულავამ.
ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქს საშეღავათო პროგრამების განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ტრანსფერით გათვალისწინებული თანხები სხვა მიმართულებით განაწილდა.
უგულავას განცხადებით, ფინანსთა მინისტრის საქმე არ არის, თუ როგორ გაანაწილებსქალაქის საკრებულო ბიუჯეტს.
„ჩვენ გვედო ეს თანხები, მაგრამ რადგან ცენტრალურმა მთავრობამ ამ თემის სტანდარტიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და მოხდა ყველა ნორმატიული დოკუმენტის ცვლილება, ის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდა, მათ შორის ავარიულ სახლებზე, საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების ტარიფის შემცირების გამო თანასუბსიდირებაზე" - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ თუკი საუბარია სამართლებრივ დავაზე, იგი სასამართლოში უნდა გადავიდეს, ხოლო თუ საქმე პრობლემის მოგვარებას ეხება, ეს მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით უნდა მოხდეს.
„მე მაქვს მოსაზრებები როგორ ვიპოვოთ გამოსავალი როგორც წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, ისე გრძელვადიანად - ვინ რაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მზად ვართ, თუნდაც დღეს მოხდეს პირველი შეხვედრა სამსახურებს შორის, თუნდაც პირადად ჩემთან" - აღნიშნა თბილისის მერმა.