როგორც რუსული ინტერნეტგამოცემები იუწყებიან, დღეს, 3 ნოემბერს, მოსკოვში ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საგასტროლო ტური იწყება. რეჟისორის მიერ 1981 წელს დაარსებული მარიონეტების თეატრის დასი მოსკოვიდან რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაემართება: სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, პერმში, ნოვოსიბირსკში, სამარასა და როსტოვში. ტურნეს ბოლოს დაგეგმილია გამგზავება რიგასა და კიევში. „თეატრალური ხელოვნების სტუდიის“ სცენაზე დასი „რამონასა“ და „სტალინგრადს“ ითამაშებს.
შეგახსენებთ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევვრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენამ სახელწოდებით „რეზო გაბრიაძე. ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა“ სხვადასხვა სერიებიდან, სხვადასხვა პერიოდის 100 ნამუშევარი გააერთიანა. გამოფენაზე, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, მარიონეტების თეატრის ძველი თოჯინები გამოიფინება. ექსპოზიციის ხილვას პუშკინის მუზეუმის დამთვალიერებელი 18 ნოემბრამდე შეძლებს.
ქართველი სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე რუსულ პრესასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ გახარებული იყო პუშკინის მუზეუმში გამართული გამოფენით. როგორც ის აღნიშნავდა, პირველად ამ მუზეუმში ნახევარი საუკუნის წინ იმყოფებოდა, მაშინ წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ შეიძლებოდა ამ კედლებში ოდესმე მისი ნამუშევრებიც გამოფენილიყო.
გაბრიაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს თემაზე, რომელსაც პირობითად „შემოდგომა“ ეწოდება. „სიბერეს აქვს თავისი უპირატესობები და მეც მინდა ვიცხოვრო ღრმა სიბერემდე, რომელიც ტკბილი მოგონებებით იქნება სავსე“-ამბობს 86 წლის ხელოვანი.
„თეატრალური ხელოვნების სტუდიის“ სცენაზე ქართული მარიონეტების ტეატრის დასი მთელი კვირის განმავლობაში ითამაშებს.