for.ge წულუკიანს და კბილაშვილს საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

for.ge წულუკიანს და კბილაშვილს საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით  აგრძელებს საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტების დამალვას და არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რის გამოც 2012 წლის 1 ნოემბერს for.ge, მისი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად იძულებული გახდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე შემდეგი შინაარსის განცხადება შეეტანა:

„გთხოვთ, დაიწყოთ გამოძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის (“სიტყვის თავისუფლების ხელყოფა“) მიხედვით.

საქმე ეხება სვანეთის საგანძურს, რომელთან დაკავშირებითაც ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე. ასე რომ, სანამ თქვენ მოგმართავდით, მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, სამართლებრივი გზით ვცდილობდი საჯარო ინფორმაციის მოპოვებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაევალა ჩემთვის - ინტერნეტგამოცემა for.ge-ს კორესპონდენტის ნინო მიქიაშვილისთვის გადმოეცა 2011 წლის 30 ნოემბრის და 6 დეკემბრის განცხადებებით მოთხოვნილი,სვანეთის საგანძურთან დაკავშირებული, უშუალოდ ეროვნულ მუზეუმში არსებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ასევე მუზეუმს დაეკისრა მოსარჩელის, ანუ ჩემს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა. ეროვნულმა მუზეუმმა 29 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით ძალაში დატოვა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის მენეჯერის ანა ვერულაშვილის ხელმოწერით, 2012 წლის 26 სექტემბერს ჩავიბარე წერილი N09/08-1129 და დოკუმენტები (სულ 17 ფურცელი), რომელშიც სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე მივიღე არასრული პასუხი; ფაქტიურად კვლავ უარი მეთქვა საჯარო ინფორმაციაზე.

კეთილი ნება გამოვიჩინე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს წერილობით კიდევ ერთხელ მივმართე და მოვითხოვე 29 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება, ანუ უმოკლეს დროში ამომწურავი პასუხის გაცემა 2011 წლის 30 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განცხადებებში მითითებულ კითხვებზე და მათი დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარმოდგენა. ამასთან, ბატონ ლორთქიფანიძისადმი მიწერილ წერილში აღვნიშნე, რომ თუ ჩემს მიერ გამოთხოვილ ამა თუ იმ საჯარო ინფორმაციაზე მუზეუმს პასუხის გაცემა არ შეეძლო და შესაბამისი დოკუმენტი არ მოეპოვებოდა, ამის შესახებაც წერილობით შეეტყობინებინათ - რომელ კითხვაზე არ შეეძლოთ პასუხის გაცემა და შესაბამისი დოკუმენტის გადმოცემა.

12 ოქტომბრით დათარიღებულ ცხრაგვერდიან განცხადებაში დეტალურად მივუთითე რომელ კითხვაზე რა ტიპის პასუხი მივიღე, რა დოკუმენტი ახლდა ამ პასუხს და რომელი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი.

ეროვნულმა მუზეუმმა 2012 წლის 26 ოქტომბერს სამაბზაციანი წერილით მიპასუხა, რომელიც აღნიშნულია, რომ მუზეუმმა სრულად შეასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.06.2012 წლის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება. ანუ, მუზეუმმა ფაქტიურად კვლავ უარი მითხრა საჯარო ინფორმაციის გადმოცემაზე. 

პლუს ამას, ეროვნული მუზეუმის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი ქმედებაა.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები მაძლევს იმის საფუძველს, რომ მოგმართოთ და გთხოვოთ გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

ამ განცხადებას დანართის სახით თან ახლავს 39 ფურცელი: 2012 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული, ეროვნული მუზეუმის ერთგვერდიანი წერილი N09/08-1261;2012 წლის 12 ოქტომბერს ეროვნულ მუზემში ჩემს მიერ შეტანილი 9-გვერდიანი განცხადება; 2012 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული ეროვნული მუზეუმის N09/08-1129 4-გვერდიანი წერილი; საქართველოს მთავრობის, 2011 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული N1752 განკარგულების 1-გვერდიანი ასლი; 2011 წლის 22 სექტემბერით დათარიღებული 3-გვერდიანი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ეროვნული მუზუემის დირექტორი და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2011 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი 2-ორგვერდიანი ბრძანება N386;6. სამ ფურცელზე დაბეჭდილი 4 ფოტოს ასლი; ინგლისურენოვანი 4-გვერდიანი ტექსტი; 2012 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის 4-გვერდიანი გადაწყვეტილება; 2012 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნანა ჭიჭილეიშვილის 8-გვერდიანი განჩინება“.