დემურ გიორხელიძე:  კარგი იქნებოდა არა მარტო პრეზიდენტი, რამდენიმე სამინისტროც კანცელარიაში გადასულიყო

დემურ გიორხელიძე: კარგი იქნებოდა არა მარტო პრეზიდენტი, რამდენიმე სამინისტროც კანცელარიაში გადასულიყო

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კარგ და სწორ გადაწყვეტილებად  აფასებს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილისადმი, ხარჯების შესამცირებლად დატოვოს პრეზიდენტის სასახლე და კანცელარიაში გადავიდეს და აცხადებს, რომ ისეთ ღარიბ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ერთი ნაწილი სიღარიბეშია, უმუშევრობა ფანტასტიკურად იმატებს, შეუძლებელია პრეზიდენტი ასეთ ფეშენებელურ  და ძვირფას სასახლეში ცხოვრობდეს.

„ პრეზიდენტის სასახლეს დისონანსი შეაქვს ჩვენს ყოფაში და არაფრით გამართლებული არ არის. ჩვენს ქვეყანას ახლა ეფექტური მართვა სჭირდება, ეფექტური მმართველობა კი ინტელექტი ადამიანების გონების ნაყოფია და არა შენობების. დღეს იმდენად ცუდია ეკონომიკური ფონი და სოციალური ყოფა, რომ არცერთი თეთრი, რომელიც კი შეიძლება ზედმეტად არ დაიხარჯოს, არ უნდა დაიხარჯოს“,-აცხადებს ექსპერტი.

დემურ გიორხელიძის განცხადებით,  პრეზიდენტს და რამდენიმე სამინისტროსაც შეუძლია შესანიშნავად იმუშაოს კანცელარიის შენობაში, რადგან  იქ ყველანაირი პირობებია ამისთვის.

„ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, კარგი იქნებოდა რამდენიმე სამინისტროც კანცელარიაში გადასულიყო. გონიერი მთავრობის პირობებში, მართვა შეიძლება ძალიან ეფექტურიც იყოს, რადგან მართავენ არა შენობები, არამედ ადამიანები. დღეს ცოტა მოკრძალება მთავრობის და ხელისუფლების ყველა წევრს მართებს.

არის ძალოვნების თუ ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, რომლებიც  ცალკე მუშაობას მოითხოვენ, თუმცა არის სამინისტროები, რომელიც კანცელარიის შენობაში შესანიშნავად იფუნქციონირებს“,-აცხადებს გიორხელიძე.