პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის მოწოდების შეფასებისას, რაც პრეზიდენტის სასახლის დატოვებასა და საქმიანობის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გაგრძელებას გულისხმობს, აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია და იმ სასახლეს პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქვია.
„ჯერ-ჯერობით, სააკაშვილი პრეზიდენტია და იმ სასახლეს პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქვია. პრემიერმა თქვა, რომ ეს რეზიდენცია პირველი პირისთვისააო, პირველი პირი თვითონ იქნება, მაგრამ იქნება მომავალი კონსტიტუციით. ამჟამინდელი პირველი პირი პრეზიდენტია“, - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხარჯების შემცირებას და ნორმირებას საყვარელიძის თქმით, ეს აუცილებელი ეტაპია.
„უწყებების ხარჯების შემცირება და საერთოდ ნორმირება ალბათ, აუცილებელი ეტაპია, რომ გაიწეროს ის პრინციპები, რითაც ამა თუ იმ თანამდებობის პირის მუშაობა და მთლიანად უწყება ფინანსდება. სასურველია, რომ ეს როგორც უმაღლეს პირს პრეზიდენტს, ისე დაბალი თანამდებობის პირებს ერთნაირად შეეხო“, - განაცხადა საყვარელიძემ.