Associated press-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამას დაცვის წევრმა, ამერიკის საიდუმლო სამსახურის აგენტმა რაფაელ პრიეტომ თავი მოიკლა. ის საკუთარ მანქანაში მკვდარი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად გაზით გაგუდვა სახელდება.
გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა დაადგინა, რომ აგენტ პრიეტოს წლების განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მექსიკელ ქალბატონთან.
აგენტები ვალდებულნი არიან ამერიკის საიდუმლო სამსახურს შეატყობინონ უცხოელებთან სასიყვარულო, მითუმეტეს ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ, რათა ეროვნულ უსაფრთხოებას პოტენციური საშიშროება არ დაემუქროს, პრიეტომ კი ეს არ გააკეთა. ამერიკის სადაზვერვო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს აგენტის გარდაცვალების გამო. აგენტები, რომლებიც საიდუმლო სამსახურში მუშაობენ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და მათი ოჯახების დაცვას ახორციელებენ.
სამსახურმა წესები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოლუმბიაში ქალაქ კარტახენაში ვიზიტით იმყოფებოდა, მისმა დაცვამ კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან გადაწყვიტა დროის გატარება.