ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილედ ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებულია, გიორგი კალანდაძე ჯერ რჩება გაერთიანებული შტაბის უფროსად.

„ამ დრომდე გენერალი გიორგი კალანდაძე რჩება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მის გათავისუფლების საკითხს ოფიციალურად ხელს მოაწერს, ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნება. პრეზიდენტი საქმის კურსშია და რადგან ის უმაღლესი მთავარსარდალია, ყველა ცვლილებას ის აწერს ხელს”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, ვახტანგ კაპანაძეს გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგსასლის მესამე ხარისხის ორდენით.

გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. 

"პირველ რიგში ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი სამუშაო იქნება გასაკეთებელი. ჩვენ გაქვს ჩვენი ნათელი მიზნები და გეგმები და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ", - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს გენერალურ შტაბში. 2004 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს მუშაობის გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. 2007-2008 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია სამხედრო საქმესა და გეოგრაფიაში.

სამხედრო კუთხით ვახტანგ კაპანაძეს განათლება მიღებული აქვს ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში (გერმანია), უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში.

საქართველოს გაერთიანებული შტაბის ახალი მოადგილე დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და „ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით“.

ვახტანგ კაპანაძის წარდგენას გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძეც ესწრებოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.