მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არაა, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არაა, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა

"შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება ასევე დემოკრატიის შემადგენელია ნაწილი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შემადგენელია.

"ვთვლით, რომ ეს არის კარგი და სწორი არჩევანი, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის . იმედს გამოვთქვამთ , რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა", - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იწურება, ხოლო ახალი არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში შედგება.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, აღნიშნული ვადები და კონსტიტუცია იგივეა , რომლითაც საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი აირჩა და ახალი უმრავლესობა შეიქმნა.

მანჯგალაძის განცხადებით, მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით არ დასმულა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრის მოწოდებას გამოეხმაურნენ.

ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ნაცვლად, მთავრობის კანცელარიის გამოყენება შესთავაზა.

ამასთან ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მეექვსე წელია გაურკვეველი მიზეზების გამო, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას აგრძელებს.