საქალაქო სასამართლო  გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალად ედება ხულიგნობა, ხოლო წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2012 წლის 27 ოქტომბერს მან გრიბოედოვის ქ. N 34-ში მდებარე კაფე „გალერეას” მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე კაფის თანამშრომლების მიმართ ჩხუბი წამოიწყო, ჩხუბის დროს გამოიყენა დანა და აღნიშნული ქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

სასამართლოს ცნობით, შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე.

„სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გ. გაჩეჩილაძეს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება, ასევე სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდა გამოძიებას, წარსულში არ არის ნასამართლევი და გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლომ, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა  გირაო 5000 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება პატიმრობიდან, ხოლო აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 24 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება.