საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიისთვის სტატუსის მინიჭება ტექნიკური საკითხია.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, ტელევიზიის სტატუსის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში უნდა შეიტანოს ცვლილება.
ასე უპასუხა დუმბაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - დაიწყებს თუ არა პარლამენტი აჭარის ტელევიზიის სტატუსის განხილვას და თუკი ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ მოასწრებს კანონის შეცვლას, შესაძლოა თუ არა დაფინანსების გარეშე დარჩენილი ტელევიზია დაიხუროს.
არსებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო იმ სტატუსით რაც დღეს აჭარის ტელევიზიას აქვს, მას თანხას არ გამოუყოფს.
დუმბაძის განმარტებით, იურისტები ამ მიმართულებით მუშაობენ და ცვლილების შემდეგ შესაძლებელი ტელევიზია რეგიონალური მაუწყებელი გახდეს.
„აჭარის ტელევიზიას ძალიან დიდი დაფინანსება ჰქონდა. ის საქვეუწყებო დაწესებულება იყო და ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის ტელე-რადიო დეპარტმანენტში მუშაობენ, საჯარო მოხელეების სტატუსით სარგებლობენ. აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 7 მლნ ლარით ფინანსდება. ეს დიდი თანხაა. ვფიქრობ, არ უნდა დაიკარგოს ის მომუშავე პროფესიონალი კადრები და ისტორია, რაც ამ დეპარტამენტმა წლების მანძილზე შექმნა. უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი“ - განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით სხვადასხვა განიხილება პროექტები განიხილება და მის სტატუსთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
დუმბაძის განმარტებით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება არა აჭარის უმაღლესი საბჭოს, არამედ, საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა, რადგან სწორედ მან უნდა შეიტანოს ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
„მე გარწმუნებთ რომ აჭარის ტელევიზია იქნება არამხოლოდ კარგი რეგიონული მაუწყებელი, არამედ შეძლებს მაუწყებლობას ყველგან, რადგან მისი ტექნიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას იძლევა“ - განაცხადა დუმბაძემ.