„ნაციონალები

„ნაციონალები" მთავრობას ნიგვზიანში არსებულ დაპირისპირებაზე რეაგირებას სთხოვენ

 საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას მოუწოდებს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში არსებულ ვითარებაზე რეაგირება მოახდინოს.

 ნიგვზიანში აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმ ეკომიგრანტებსა და მოსახლეობას შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უმცირესობის სახელით საგანგებო განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოში, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და მრწამსის მქონე მოქალაქეები თავს იყრიან და ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება დაუშვებელია.

"თითოეულმა პარტიამ ზომები უნდა მიიღოს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდეს. საქართველოს თითოეული მოქალაქის აღმსარებლობა დაცული უნდა იყოს. ამის საპირისპიროდ კი, უმრავლესობის წევრის, ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც აღმაშფოთებელია და სწორედ მისი განცხადება გახდა, ტონის მიმცემი იმ დაპირისპირებისთვის, რომელსაც დღეს ნიგვზიანში ადგილი აქვს. პოლიტიკური სიმპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და ყველა რელიგიური აღმსარებლობა უნდა დავიცვათ და ფაქტზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ", - დასძინა დეპუტატმა.

თაქთაქიშვილის განცხადებით, მთავრობა ვალდებულია კონკრეტული ზომები მიიღოს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების აღმსამრებლობა დაიცვას და დაპირისპირება არ დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში დაპირისპირების მიზეზი ეკომიგრანტების მიერ სახლში სამლოცველოს გახსნაა.