სააკაშვილი ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობას ვითარების განსამუხტად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

სააკაშვილი ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობას ვითარების განსამუხტად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

 

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და მთავრობას მოუწოდა ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტად , შესაბამისი ზომები მიიღოს.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს .

"საქართველო არის მრავაალეთნიკური ქვეყანა, სადაც საუკუენების განმავლობაში ერთმანეთთან თანაარსებობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენი მოქალაქეები. გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი, კარგი ხალხი. ამიტომ მეჩვენება, რომ ყველანაირი დაძაბულობა იქ ატარებს ხელოვნურ და შეიძლება პროვოცირებულ ხასიათსაც კი. უკვე 9 წელია, საქართველოში ადგილი არ ჰქონია მსგავსი დაძაბულობის ფაქტს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ახალი მთავრობის ინტერესებშია , რომ სამოქალაქო მშვიდობა გაგრძელდეს მომავალშიც" - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გასვლა, რადგან საქართველოს ტიპის ქვეყანაში მისი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევები პოტენციურად საშიშია.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ჩვენ გაავაგრძლებეთ განვითარებას, შევინარჩუნებთ სამოქალაქო მშვიდობას, არ დავუშვებთ, რომ ვინემ რაიმე პრობლემები შეუქმნას ჩვენს საზოგადოებას მომავალშიც"- აღნიშნა მან.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობა იმ სახლთან არიან შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.

ნიგვზიანელები აცხადებენ, რომ მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან.

თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.

ნიგვზიანში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძეც.